გონიერი კონტრაქტები: ავტომატიზაცია, ეფექტიანობა და სამართლებრივი გამოწვევები

უპირველე ყოვლისა, გონიერ კონტრაქტებსა და განაწილებულ მონაცემთა სისტემებს შეუძლიათ საფუძვლიანად შეცვალონ მეწარმეების მიერ დადებული გარიგებების ძალაში შესვლის, შესრულებისა და აღსრულების პროცესი. ამ პროცესების გაზრდილ ავტომატიზაციას გონიერი კონტრაქტების მეშვეობით შეუძლია გაზარდოს ეფექტიანობა და შეამციროს ხარჯები, განსაკუთრებით იმ სექტორებისთვის, რომლებიც დიდი მოცულობით იყენებენ სტანდარტულ ხელშეკრულებებს. 

გონიერი კონტრაქტების (Smart Contracts) უპირატესობები

გონიერი კონტრაქტები მართლაც ბევრ უპირატესობას ატარებს. აღსანიშნავია:

  • დავების შემცირების პოტენციალი – ავტომატური შესრულება და მკაფიო პირობები ამცირებს დავების წარმოშობის ალბათობას და ამარტივებს პრობლემების მოგვარებას.
  • ადამიანური შეცდომების მინიმიზაცია – კონტრაქტის პირობები ავტომატურად სრულდება, რის გამოც მცირდება ტექნიკური ან ადამიანური ხარვეზის რისკი.
  • სიჩქარე და ეფექტიანობა – კონტრაქტის პირობები შესრულდება ავტომატურად, როგორც კი წინასწარ განსაზღვრული პირობები შესრულდება.
  • მეტი გამჭვირვალობა და მაღალი ნდობის ხარისხი – ყველა ოპერაცია იწერება და ხელმისაწვდომია მხარეებისთვის, რაც გამორიცხავს ეჭვებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.
  • უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა – ბლოქჩეინზე დაფუძნებული კონტრაქტები გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებით; მათი შეცვლა ან მანიპულაცია მესამე პირის მიერ პრაქტიკულად შეუძლებელია.
  • გლობალური ხელმისაწვდომობა – სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ მხარეებს შეუძლიათ ერთიან პირობებში გააფორმონ და განახორციელონ ტრანზაქციები, დროისა და მანძილის შეზღუდვების გარეშე.
  • მონიტორინგის სიმარტივე – ტრანზაქციების სრული ისტორია ავტომატურად ინახება და მხარეთათვის ხელმისაწვდომია, რაც ამარტივებს კონტრაქტის მონიტორინგს.

მართალია, ჯერ შორს არის სამყარო, სადაც ხელშეკრულებები დაიდება, შესრულდება და/ან აღსრულდება მხოლოდ მანქანების მეშვეობით, უკვე სახეზეა ხელშეკრულებების მეტი ავტომატიზაციის ერა, და იდგმება პირველი ნაბიჯები გონიერი სამართლებრივი კონტრაქტებისკენ.

გონიერი კონტრაქტების ნაკლოვანებები და გამოწვევები

მიუხედავად გონიერი კონტრაქტების უპირატესობებისა, აღსანიშნავია, რომ ისინი არ არის სრულყოფილი. აუცილებელაი ყურადღება მიექცეს შემდეგ გამოწვევებს:

  • კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობის სირთულე – გონიერ კონტრაქტებში წარმატებული ინტეგრაცია დამოკიდებულია ორივე სექტორის ჰარმონიზებულ მონაწილეობაზე, რაც სირთულეს წარმოადგენს.
  • იურიდიული გაურკვევლობა – საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში რთულია განსაზღვრო, რომელ ქვეყნის იურისდიქციით მოხდება დავის განხილვა.
  • ტექნოლოგიური მზადყოფნის განსხვავება – კერძო სექტორის წარმომადგენლები შესაძლოა არ იყვნენ მზად ახალი ტექნოლოგიების სრულად დანერგვისთვის.
  • ადამიანური რესურსების საჭიროების შემცირება – მიუხედავად იმისა, რომ სმარტ კონტრაქტები ავტომატიზებას უზრუნველყოფს, მათი შექმნა და მონიტორინგი მოითხოვს სპეციალიზებული კადრების მობილიზებას.
  • კოდის შეცდომის რისკი – თუ ბლოქჩეინზე დაფუძნებულ კონტრაქტში ტექნიკური ან პროგრამული შეცდომა იჩენს თავს, კონტრაქტის პირობები ავტომატურად შესრულდება, რაც შესაძლოა გახდეს საფუძელი დაუგეგამვი შედეგებისა და პრობლემების წარმოქმნისა.
  • ტრანზაქციის მოქნილობის შეზღუდვა – ავტომატური აღსრულების გამო ზოგჯერ რთულია შეცდომების გამოსწორება ან კონტრაქტის პირობების ადაპტირება სპეციფიკური გარემოების შესაბამისად.

სმარტ კონტრაქტების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი და იურისდიქცია

ერთ ერთ ყველაზე რთულ სამართლებრივ გამოწვევად რჩება გონიერი კონტრაქტების სამართლებრივი ჩარჩო და იურისდიქციის განსაზღვრა. საერთაშორისო ელემენტების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს:

  • მოქმედი კოლიზიური სამართალი;
  • დავების გადაწყვეტის გზები, როგორიცაა არბიტრაჟი ან სასამართლო ფორუმის არჩევა;
  • სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი ნორმებისა და პრაქტიკის შეთავსება.

ეს საკითხები კომპლექსურია და თითოეულ შემთხვევაში საჭიროებს ინდივიდუალურ ანალიზს, ვინაიდან გონიერი კონტრაქტების განსაკუთრებული ბუნება (ბლოქჩეინზე დაფუძნებული, ავტომატური აღსრულება) ქმნის ახალ სამართლებრივ გამოწვევებს. იურიდიულ პრაქტიკაში უკვე არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის პრეცედენტული გამოცდილება, თუმცა ბევრი საკითხი კვლავ ღია რჩება.

გონიერი კონტრაქტების სამართლებრივი აღიარება და აღსრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვადასხვა იურისდიქციები. ბევრ ქვეყანაში ჯერ არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც სმარტ კონტრაქტებს აღიარებს როგორც სრულფასოვან სამართლებრივ ინსტრუმენტს. ვინაიდან, სმარტ კონტრაქტების სამართლებრივი სტატუსი ბევრ ქვეყანაში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. ეს ქმნის სამართლებრივ გაურკვევლობას და შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები კონტრაქტის აღსრულებისას.

  • გლობალური ფინანსური პლატფორმები – როდესაც მხარეები სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან, რთულია იმის განსაზღვრა, თუ  რომელ ქვეყნის კანონმდებლობით უნდა გადაწყდეს დავა.
  • არაერთი იურისდიქცია ერთ გარიგებაზე – e-commerce ტრანზაქციები, სადაც პროდუქტი იქმნება ერთ ქვეყანაში, გადადის მეორეში და ანგარიშსწორება ხდება მესამე ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას.

მაგალითად, თუკი საკითხი ეხება მომხმარებელს, მოქმედი სამართალი, იურისდიქცია და სასამართლოს არჩევა შესაძლოა სავალდებულო კავშირში იყოს მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილთან. 

გარდა ამისა, ისევე როგორც არაგონიერი კონტრაქტის შემთხვევაში, შესაძლოა, გონიერ კონტრაქტთან დაკავშირებით განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებაზე გავრცელდეს რამდენიმე იურისდიქციის კანონმდებლობა. მაგალითად, თვითონ გონიერ კონტრაქტზე შეიძლება გავრცელდეს ფრანგული სამართალი. თუმცა, თუკი გონიერი კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება მიწოდებულ უნდა იქნეს ესპანეთში ან ესპანეთიდან, ან თუკი კონტრაქტი ეხება ესპანური ფასიანი ქაღალდების ან ქონების გადაცემას, შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანზაქციაზე მოქმედებდეს ესპანური კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს საერთაშორისო ვაჭრობას, საგადასახადო საკითხებს და/ან ფასიანი ქაღალდების ან ქონების საკუთრებას.

  • არბიტრაჟის საჭიროება – ზოგი ქვეყანა აღიარებს საერთაშორისო არბიტრაჟს სმარტ კონტრაქტებში, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით აღნიშნული ს არაა რეგულირებული, რაც ართულებს შეთანხმების სამართლებრივ აღრიცხვასა და დავების გადაწყვეტას.
  • კანონმდებლობის სწრაფი ცვლილება – ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა კვლავ ძველ სტანდარტებს ეფუძნება, რაც კოლიზიას და არასტაბილურ სამართლებრივ გარემოს ჰქმნის.

სმარტ კონტრაქტების ეფექტური გამოყენებისთვის აუცილებელია საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი ჰარმონიზაციას სხვადასხვა იურისდიქციებს შორის. ეს ხელს შეუწყობს სმარტ კონტრაქტების უფრო ფართო დანერგვას და გამოყენებას.

 

დასკვნა

გონიერი კონტრაქტები და განაწილებულ მონაცემთა სისტემები ქმნიან ახალი შესაძლებლობების ერას ბიზნესსა და სამართალში, ავტომატიზირებენ გარიგებების ძალაში შესვლას, შესრულებასა და აღსრულებას, რაც ზრდის ეფექტიანობას და ამცირებს ხარჯებს. მათი უპირატესობები აშკარაა: დავების შემცირება, ადამიანური შეცდომების მინიმიზაცია, მაღალი გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და გლობალური ხელმისაწვდომობა.

მიუხედავად ამისა, სმარტ კონტრაქტები არ არის სრულყოფილი. სამართლებრივი გაურკვევლობა, საერთაშორისო იურისდიქციის სირთულეები, ტექნოლოგიური მზადყოფნის განსხვავება, კოდის შეცდომის რისკები და ტრანზაქციის მოქნილობის შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით რთულია საერთაშორისო ელემენტის მქონე კონტრაქტების სამართლებრივი რეგულირება, სადაც მოქმედი კოლიზიური სამართალი, არბიტრაჟი, სასამართლო ფორუმის არჩევა და სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი ნორმების შეთავსება მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

სმარტ კონტრაქტების ფართო და ეფექტიანი გამოყენება მოითხოვს როგორც ტექნოლოგიურ, ისე სამართლებრივ ჰარმონიზაციას, საერთაშორისო თანამშრომლობას და საჯარო და კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას. მომავალში სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება საშუალებას მისცემს სმარტ კონტრაქტებს სრულად გამოიყენონ მათი პოტენციალი, გაზარდონ ეფექტიანობა, შეამცირონ დავები და უზრუნველყონ უსაფრთხო, გამჭვირვალე და სწრაფი ტრანზაქციები.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com