საქართველოში ქორწინების შეწყვეტა ხდება როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ისე სასამართლოს მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა ქონების, შვილების ან სხვა საკითხებზე, განქორწინება შედარებით მარტივია და რეგისტრაციის ფორმით ხდება. თუ მეუღლეებს შორის არსებობს უთანხმოება, განქორწინება მხოლოდ სასამართლოს გზით ხორციელდება.
რას განიხილავს სასამართლო განქორწინების პროცესში?
სასამართლო განიხილავს არა მხოლოდ ქორწინების შეწყვეტის საკითხს, არამედ თანმდევ სამართლებრივ შედეგებს: ქონების გაყოფას, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, ალიმენტის დაკისრებას და მშობლებს შორის ურთიერთვალდებულებებს. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება განიხილება როგორც საერთო საკუთრება, რომელიც განქორწინებისას ექვემდებარება სამართლიანად გაყოფას. სასამართლო გაითვალისწინებს მეუღლეთა წვლილს ქონების დაგროვებაში და არასრულწლოვანი შვილების საჭიროებებს.
რა არის ალიმენტი და რატომ არის ის აუცილებელი?
ალიმენტი არის თანხა, რომელიც ერთ მშობელს დაეკისრება შვილის რჩენის მიზნით. იგი წარმოადგენს კანონიერ ვალდებულებას, რომელიც არ არის დამოკიდებული ქორწინების რეგისტრაციის ფაქტზე – ალიმენტის დაკისრება შეიძლება ორივე მშობელზე, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ქორწინებაში. ხშირ შემთხვევაში მშობლები ალიმენტის ოდენობაზე შეთანხმდებიან, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა სასამართლო სჭირდება საკითხის გადაჭრას.
ალიმენტის დაკისრება ქორწინების გარეშე დაბადებულ შვილზე
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ბავშვის ინტერესების დაცვას მიუხედავად მისი დაბადების სამართლებრივი სტატუსისა. ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია ქორწინების გარეშე დაბადებულ შვილზეც. მშობლების ვალდებულება შვილის მიმართ თანაბარია და კანონი არ ანიჭებს უპირატესობას არცერთ მშობელს. შესაბამისად, თუ დედა არ ასრულებს ვალდებულებას, სასამართლოს აქვს უფლება მასაც დაეკისროს ალიმენტის გადახდა.
როგორ განსაზღვრავს სასამართლო ალიმენტის ოდენობას?
ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და მასზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: მშობლის შემოსავალი, ფინანსური ვალდებულებები, სხვა დამოკიდებული პირების არსებობა, ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძო განათლება ან მკურნალობის საჭიროება. მაგალითად, თუ ბავშვს სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა ან დადის კერძო სკოლაში, ეს ფაქტორები აუცილებლად გაითვალისწინება სასამართლოს მიერ.
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა განქორწინებისას
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია განქორწინების პროცესში. სასამართლო აფასებს ორივე მშობლის მატერიალურ, მორალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. ასევე შესაძლებელია ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ან საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსაზრების გათვალისწინება. გადაწყვეტილება ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
რას გულისხმობს ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპი?
სასამართლოს, მშობლებისა და სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა. ეს გულისხმობს ბავშვის სტაბილურობას, ჯანსაღ გარემოს, განათლების შესაძლებლობას და ემოციურ უსაფრთხოებას. მშობლებმა, რომლებიც მოითხოვენ ალიმენტს, ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის ბავშვის დაბადების მოწმობა, მეორე მშობლის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში – ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ალიმენტის მოთხოვნის პროცედურა და ბაჟის განთავისუფლება
ალიმენტის მოთხოვნის სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც პროცესს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, შესაძლებელია უფასო იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარება იმ შემთხვევაში, როცა მშობელს არ შეუძლია კერძო იურისტის დაქირავება. განსაკუთრებით ეს ეხება საქმეებს, რომლებიც არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს უკავშირდება.
რა ხდება, როცა ალიმენტის შეთანხმება ირღვევა?
ხშირია შემთხვევები, როცა თავდაპირველი შეთანხმება ალიმენტზე აღარ სრულდება ერთ-ერთი მშობლის მხრიდან. ასეთ დროს კანონი ცალსახად იცავს ბავშვის ინტერესს და მშობელს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. ამ პროცესში ადვოკატი შეიძლება იყოს გადამწყვეტი – ის დაგეხმარებათ შეაგროვოთ მტკიცებულებები და მოითხოვოთ რეალისტური, საკმარისი ოდენობის ალიმენტი თქვენი შვილისთვის.
რატომ არის აუცილებელი ობიექტური ინფორმაცია სასამართლოსთვის?
მშობელმა, რომელიც ითხოვს ალიმენტს, ვალდებულია მიაწოდოს სასამართლოს ობიექტური და სრული ინფორმაცია, მათ შორის ბავშვის საჭიროებების, მეორე მშობლის მდგომარეობისა და ხარჯების შესახებ. სასამართლო ორივე მხარეს განიხილავს თანაბარ პირობებში, თუმცა გადაწყვეტილება ეფუძნება მტკიცებულებებსა და ბავშვის ინტერესების დაცვას.
როგორ დაგეხმარებათ იურისტი განქორწინებისა და ალიმენტის პროცესში?
თუ გსრუთ განქორწინება ან თქვენი შვილის უფლებების დაცვა, მნიშვნელოვანია მიმართოთ გამოცდილ იურისტს. სპეციალიზებული იურისტი დაგეხმარებათ სწორი სამართლებრივი გზის არჩევაში, სარჩელის მომზადებაში, მოლაპარაკებებში და თქვენი ინტერესების დაცვაში სასამართლოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დავა არამხოლოდ მატერიალურ, არამედ ემოციურ ასპექტებსაც ეხება. დაგვიკავშირდით– Nomos Georgia თქვენი სამართლებრივი პარტნიორი.