სოციალური მედია წარმოადგენს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ციფრულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს რეალურ დროში გააზიაროს ტექსტური და ვიზუალური კონტენტი /ინფორმაცია როგორც საჯარო, ისე მცირე ჯგუფში და მიიღოს მყისიერი უკუკავშირი.
აუდიტორიის ჩართულობა და უკუკავშირი ტრადიციულ მედიაში შეზღუდულია, სოციალურ მედიაში კი კომუნიკაცია მყისიერი და ორმხრივია. ტრადიციულ მედიაში ინფორმაცია გავრცელებამდე რამდენიმე ეტაპს გადის, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელების კონტროლი შედარებით რთულია.
სოციალური მედიის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ე.წ. ინტერნეტმომხმარებელთა ანგარიშვალდებულების საკითხი. თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ კონტენტი, რომელსაც ისინი ინტერნეტში ატვირთავენ, შესაძლოა, ვირუსულად სწრაფად გავრცელდეს და, შესაბამისად, მისი სრულად წაშლა შეუძლებელია. ინტერნეტში განთავსებულ ყალბ ან დეზინფორმაციულ ინფორმაციას აქვს პოტენციალი, ზარალი მიაყენოს მასშტაბურ აუდიტორიას. სწორედ ამითაა განპირობებული დაინტერესებული აქტორების მიერ სოციალური მედიის საინფორმაციო ომის ინსტრუმენტად გამოიყენება. რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არ არის საინფორმაციო ომის მწარმოებელი, მართებს გაიაზროს, რომ მის მიერ მავნე წინასწარგანზრახულობის გარეშე გაზიარებული ან გავრცელებული დეზინფორმაციული შინაარსის მქონე ინფორმაციით ის უნებლიეთ ხდება საინფორმაციო ომის ინსტრუმენტი.
სოციალური მედიის უპირატესობები
თვალსაჩინოა, რომ სოციალურ მედიას სხვა საკომუნიკაციო არხებთან შედარებით აქვს რამდენიმე ძირითადი უპირატესობა. ესენია:
- გლობალურობა
- ინფორმაციის სწრაფად გავრცელება
- მყისიერი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა
- მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობა
- ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა დაზოგოს დანახარჯი და მიიღოს სწორი მარკეტინგული გადაწყვეტილებები
- იძლევა საინტერესოდ თვითგამოხატვისა და ექსპერიმენტების შესაძლებლობას

სოციალური მედიის ნეგატიური მხარე
მიმოხილულ უპირატესობებთან ერთად აღსანიშნავია სოციალური მედიის ნეგატიური ასპექტებიც:
- სოცმედია ყალბი და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ყველაზე აქტიური წყაროა
- სოციალურ ქსელებში ავტომატიზებული პროფილებისა და ყალბი ანგარიშების მეშვეობით შესაძლებელია ცრუ ინფორმაციის მუდმივად გავრცელება
- სიძულვილის ენის გამოყენება-წახალისება
სოციალური მედიის ნეგატიურ მხარეებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეგულაციების როლი. ყალბი ინფორმაციის („ფეიკ ნიუსის“) გავრცელება და სიძულვილის ენის გამოყენება ხშირად არღვევს პიროვნების ღირსებასა და რეპუტაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების უფლება, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური – შემოიფარგლება სხვა პირის უფლებების დაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებით.
ასევე, „სიძულვილის ენის“ გამოყენება შესაძლოა შეფასდეს დისკრიმინაციის ან ზიზღის პროპაგანდის წახალისებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის პრინციპთან.
სოციალური მედიის სუბიექტები და ობიექტები
სოციალური მედიის სამართლის უპირველესი სუბიექტი უშუალოდ სოციალური მედიასაშუალებაა, მაგალითად: „Facebook“; „Instagram“; „YouTube“; და სხვ. თითოეული მათგანი მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმას, რომ მისი გამოყენებით სასურველი საქმიანობა განახორციელონ, შესაბამისად, მომხმარებელი (ანუ პირი, რომელიც რეგისტრირდება სოციალურ მედიაში) ხდება ამავე ურთიერთობის სუბიექტი. აღნიშნული შეიძლება იყოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პირი, მაგალითად: „საქართველოს პარლამენტი“, “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” და სხვ.
თავის მხრივ, სოციალური მედიის სამართლის ობიექტებს წარმოადგენს ყველა ის სამართლებრივი სიკეთე, რომელთა მიმართულებით შეიძლება სოციალური მედიის გამოყენება, მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს არაქონებრივ უფლებებს, როდესაც პირს ღირსების უფლების დაცვის საშუალება აქვს და სხვ.
პირს აქვს შესაძლებლობა, რომ იმოქმედოს თავისი სახელისა და გვარის მიხედვით, ასევე შეუძლია დარეგისტრირდეს ფსევდონიმით. ანალოგიურად დგას საკითხი იურიდიული პირის შემთხვევაში, რომელიც თავისი სახელწოდებით გვევლინება სოციალურ მედიაში. სახელწოდება შეიძლება იყოს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, მაგალითად: „MagtiCom – მაგთიკომი“, “Ici Paris – ისი-პარი”, ”რომპეტროლი – Rompetrol Georgia” „Nomos Georgia” და სხვ.
სახელის უფლების დაცვა
სახელის დაცვის უფლება წარმოადგენს პირის არაქონებრივ უფლებათა დაცვის მექანიზმს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი).
თანამედროვე რეალობაში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, სახელის უფლების დაცვა პრაქტიკულ სირთულეებს აწყდება – კერძოდ, როდესაც პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ანონიმურ მომხმარებელს (რომლის ვინაობაც ვერ დგინდება) არ გააჩნია შესაძლებლობა დაიცვას სახელის უფლება, რადგან შეუძლებელია დადასტურდეს, რომ კონკრეტული ანგარიში მას ეკუთვნის. მაგალითად, პროფილები სახელწოდებით „Gauqmda Gauqmda“ ან „Sali Ta“ ვერ ქმნიან იდენტიფიკაციის საკმარის საფუძველს.
იგივე ეხება ავტომატიზებულ ანგარიშებს („ბოტებს“) ან მიზანმიმართულად შექმნილ ფიქციურ პროფილებს („ტროლებს“).
სახელის უფლების დარღვევა შესაძლოა გამოიხატოს არა მხოლოდ ტექსტური ფორმით, არამედ ვიზუალური და მულტიმედიური საშუალებებითაც – მაგალითად, „GIF“-ით, „Meme“-თ, ან „Emoji“-თ, როდესაც შინაარსი შეიცავს დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ მინიშნებას და ადრესატის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს, არღვევს თუ არა კონტექსტი პირის არაქონებრივ უფლებას.
გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც მოიცავს აზრის, პოზიციისა და ინფორმაციის თავისუფალ გამოხატვას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის სოციალურ მედიაში. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ტექსტური პოსტი, ვიდეომიმართვა, კომენტარი ან პირდაპირი ჩართვა („Live“).
გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება – მისი განხორციელება შეზღუდულია სხვათა უფლებების დაცვის აუცილებლობით. სოციალურ მედიაში ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამ თავისუფლების გამოყენება გადადის სხვა პირის უფლებების დარღვევაში, მაგალითად, ცილისწამებაში ან შეურაცხმყოფელ განცხადებაში.
ასეთ შემთხვევაში დაზარალებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საჯარო უარყოფა ან განცხადების გამოქვეყნება იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მისი გავრცელება – მაგალითად, თუ ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა „Post“ ფორმატით, მისი უარყოფაც შესაძლებელია ანალოგიური ფორმით.
გარდა ამისა, უხამსობის გავრცელება ან მისი წახალისება სოციალური მედიით საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია და შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ან ზოგიერთ შემთხვევაში წვრილმან ხულიგნობად, რაც იწვევს შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
სოციალურ მედიაში ანგარიშის შექმნა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების გასაჯაროებასთან. მაგალითად, თუ ვინმე „სესილია თაყაიშვილი“ რეგისტრირდება საკუთარი სახელითა და გვარით, იგი ამ გზით უკვე ავრცელებს თავის პირად მონაცემებს. ამას შესაძლოა დაემატოს ინფორმაცია მისი პოლიტიკური შეხედულებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა სენსიტიური დეტალების შესახებ. ასეთი მონაცემების გასაჯაროება დასაშვებია თავად ამ პირის ნებით, ხოლო მისი ქცევა (ან უმოქმედობაც) შეიძლება ჩაითვალოს თანხმობად — ე.წ. კონკლუდენტურ ქმედებად.
თანამედროვე რეალობაში სოციალური მედია ხშირად გამოიყენება კომერციული მიზნებისთვისაც. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობამ დაარეგულირა პირდაპირი მარკეტინგის საკითხიც: საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მიღებული მონაცემების გამოყენება დასაშვებად მიიჩნევა, თუ პირი თავად აქცევს ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომად. თუმცა ასეთი გამოყენება მაინც უნდა შეესაბამებოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპებს – მიზნობრიობას, პროპორციულობას და მონაცემთა დაცვის კანონით დადგენილ წესებს.
სოციალური მედია და შრომითი ურთიერთობა
სოციალური მედიის გამოყენება შრომით ურთიერთობებში რამდენიმე ეტაპზე იკვეთება:
ა) შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე
ბ) შრომითი ურთიერთობის მიმდინარეობისას
გ) ურთიერთობის დასრულების შემდეგ
დასაქმებამდე, დამსაქმებელს შეუძლია იხილოს კანდიდატის მიერ სოციალურ მედიაში განთავსებული საჯარო ინფორმაცია და ეს მონაცემები გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას, რაც კანონით დაშვებულია, თუ ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
შრომითი ურთიერთობის პერიოდში, დასაქმებულის სოციალური აქტივობა შესაძლოა აისახოს დამსაქმებლის რეპუტაციაზე. ამიტომ, დამსაქმებლებს ხშირად აქვთ შემუშავებული ეთიკის კოდექსი ან/და შინაგანაწესი, რომელიც არეგულირებს დასაქმებულთა ქცევის წესს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული კომპანიის სახელით ან მასთან ასოცირებულად მოქმედებს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი შეზღუდვები უნდა იყოს კანონიერი, მიზნობრივი და პროპორციული, რათა არ დაირღვეს დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლება.
დამსაქმებელს უფლება აქვს აკონტროლოს სამუშაო პროცესის ფარგლებში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- კონტროლი უკავშირდება სამსახურებრივ მიზანს
- დასაქმებული წინასწარ გაფრთხილებულია კონტროლის არსებობის შესახებ
- და ასეთი ქმედება დადასტურებულია თანხმობით (კონკლუდენტური ქმედებით ან ხელმოწერით)
შრომითი ურთიერთობის დასრულებისას პრობლემური შეიძლება გახდეს სოციალური მედიის ანგარიშზე არსებული ინფორმაციის მიკუთვნება – კერძოდ, როდესაც ანგარიში შექმნილია სამსახურებრივი მიზნებისთვის, მაგრამ დასაქმებულმა იგი პირად პროფილზე აწარმოა. ასეთ შემთხვევებში სამართლებრივი შედეგი განისაზღვრება შეთანხმებული დოკუმენტაციითა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით.
ასევე, შესაძლებელია კონფიდენციალურობის ვალდებულება გაგრძელდეს შრომითი ურთიერთობის დასრულების შემდეგაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის კომერციული საიდუმლოების დაცვის კუთხით.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
სოციალური მედიის შინაარსი ხშირად წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას, შესაბამისად, საავტორო უფლებები ვრცელდება იმავე წესით, როგორც სხვა ფორმატში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე.
მაგალითად, თუ ვინმე „ნიტა ლომიძე“ „Facebook“-ზე აქვეყნებს საკუთარ სიმღერას, იგი დაცულია საავტორო უფლებებით და სხვა პირს მისი გაზიარება მხოლოდ ავტორის მითითებით შეუძლია. ავტორის სახელის მიუთითებლად ასეთი ქმედება ჩაითვლება საავტორო უფლების დარღვევად.
ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს არა მხოლოდ ტექსტს, არამედ ფოტოებს, ვიდეოებსა და სასაქონლო ნიშნებსაც. მაგალითად, კომპანიის მიერ სხვა ბრენდის ლოგოს უნებართვო გამოყენება სოციალურ მედიაში შესაძლოა ჩაითვალოს სასაქონლო ნიშნის დარღვევად.
მეორე მხრივ, სოციალური მედიის პოპულარობამ შეიძლება თავად შექმნას აღიარებული სავაჭრო ნიშანი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პლატფორმების სამართლებრივ მნიშვნელობას.
შეჯამება
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტი გვთავაზობს უპრეცედენტო შესაძლებლობებს ჩვენი ფუნდამენტური უფლებების, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების გამოყენებისთვის. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებების საზღვარი და ის პოტენციური რისკები, რაც ზოგჯერ ამ გლობალურ სივრცეს ახლავს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ყველას მოვალეობაა წვლილი შევიტანოთ იმ უდიდესი საზოგადოებრივი სივრცის წარმატებაში, რომელიც კაცობრიობას ოდესმე ჰქონია.
პრობლემის იდენტიფიცირების, მასზე დისკუსიით, ცნობიერების ამაღლებით და კრიტიკული აზროვნების წახალისებით შესაძლებელია რისკების შემცირება და შედარებით უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბება. ამას სამართლებრივი ჭრილიც აქვს: კონსტიტუციური უფლებების დაცვა, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის სტანდარტების დაცვა და ონლაინ სივრცეში სამართლებრივი პასუხისმგებლობის გააზრება კიდევ უფრო ზღუდავს რისკებს. შედეგად, ეს შეამცირებს ადამიანის მოწყვლადობას და გააძლიერებს საზოგადოებას. კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მისაღებათ შეგიძლიათ მოგვმართოთ პირად შეტყობინებებში.

