საქორწინო ხელშეკრულება საქართველოში: საჭიროების შემთხვევები და ძირითადი სამართლებრივი აქცენტები

საქორწინო ურთიერთობებში ფინანსური საკითხების წინასწარ ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია – ეს უზრუნველყოფს ქონების გამჭვირვალობასა და სამართლიან განაწილებას. თუ გსურთ თავიდანვე განჭვრიტოთ, როგორ განაწილდება  თქვენი და თქვენი მეუღლის არსებული და მომავალი ქონება, ან რა პრინციპებით დარეგულირდება ფინანსური ურთიერთობები, საქორწინო ხელშეკრულება მისაღები და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმია.

საქორწინო ხელშეკრულება საშუალებას გაძლევთ წინასწარ გაწეროთ, როგორ განისაზღვროს როგორც ქორწინებამდე არსებული, ისე ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, რა ზეგავლენას მოახდენს მასზე თქვენი საერთო გადაწყვეტილებები და რა წესები იმოქმედებს უთანხმოების შემთხვევაში.

 

როდის იდება ქორწინების ხელშეკრულება?

კანონის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს, თუმცა საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

 

შესაბამისად, არ აქვს მნიშნელობა საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე გააფორმეთ, თუ რეგისტრაციის შემდეგ, იგი ძალას შეიძენს მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან და მხარეთა უფლება-მოვალეობები სწორედ ამ მომენტიდან წარმოიშობა.

 

რა შეიძლება გაითვალისწინოთ საქორწინო ხელშეკრულებით?

 

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი, გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.

 

საქორწინო ხელშეკრულება იდება მხარეთა შორის, რომლების უკვე დაქორწინებულნი არიან ან მომავალში აპირებენ დაქორწინებას, შესაბამისად საქორწინო ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს მხოლოდ მათ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დანაწესები, საქორწინო ხელშეკრულება არ უნდა აწესრიგებდეს მესამე პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, არ უნდა ზღუდავდეს მათ უფლებებსა თუ ინტერესებს და არ უნდა ენიჭებოდეთ რაიმე სარგებელი უშუალოდ ამ ხელშეკრულების საფუძველზე. საქორწინო ხელშეკრულების არსი სწორედ ის არის, რომ დაქორწინებელ/დასაქორწინებელ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონისგან განსხვავებული წესებით მოაწესრიგონ და დაარეგულირონ კანონით დადგენილი საერთო საკუთრების წესი, რომელიც მათ უფლებებსა და მოვალეობებს შეეხება.

 

რა არ შეიძლება გაითვალისწინოთ საქორწინო ხელშეკრულებით?

 

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.  საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება. აღნიშნული ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს და აღნიშნული შესაბამისი მტკიცებულებებით ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს.

 

ნოტარიუსი როგორც პროცესის სავალდებულო სუბიექტი

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით, შესაბამისად ნოტარიუსი წარმოადგენს პროცესის სავალდებულო სუბიექტს. თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ გააფორმონ საქორწინო ხელშეკრულება, მხოლოდ მასზე ხელის მოწერა ვერ მიანიჭებს მას სამართლებრივ ძალას, ვინაიდან კანონი ითვალისწინებს საქორწინო ხელშეკრულების ფორმასავალდებულოობას და სანოტარო წესით დამოწმებას. სანოტარო წესით დამოწმების გარეშე საქორწინო ხელშეკრულებას არ ექნება იურიდიული ძალა.

 

როდის შეიძლება საოქრწინო ხელშეკრულება წყდეს?

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია. ამავდროულად, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.  

 

გააჩნია თუ არა სასამართლოს უფლება შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების პირობები?

 

სასამართლოს მხოლოდ დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. აღნიშნული საჭიროებს მტკიცებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნია, თუმცა კანონმდებელი ზედმეტად ლიბერალურ ჩანაწერს არ გვთავაზობს, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნა საქორწინო ხელშეკრულების დანაწესების ცვლილებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული რომ იყოს აუცილებელია ზემოთ ხსენებული გარემოებების არსებობა.

 

დასკვნა

საქორწინო ხელშეკრულება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც წყვილს სურს თავიდანვე განსაზღვრული, გამჭვირვალე და სამართლიანი წესებით მოაწყოს თავისი ფინანსური და ქონებრივი ურთიერთობები. იგი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც იცავს ორივე მხარის ინტერესებს, ამცირებს გაურკვევლობისა და მომავალში წარმოშობილი დავების რისკს და უზრუნველყოფს სტაბილურობას როგორც ქორწინების პერიოდში, ისე მისი დასრულებისას.

ხელშეკრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მეუღლეებს აქვთ სხვადასხვა ტიპის ქონება, განსხვავებული ფინანსური პასუხისმგებლობები, ან გეგმავენ ერთობლივ ინვესტიციებს. წინასწარ განსაზღვრული პირობები ორივე მხარეს უზრუნველყოფს სამართლებრივი სტაბილურობითა და ფინანსური უსაფრთხოებით,  ასევე თავიდან აშორებს იმ უთანხმოებებს, რომლებიც ხშირად ქონებრივი საკითხებიდან გამომდინარეობს.

საბოლოოდ, საქორწინო ხელშეკრულება ქმნის ფინანსური საკითხების მკაფიო, სამართლებრივად დაცულ და ეფექტურად აღსრულებად ჩარჩოს საქორწინო ურთიერთობაში. კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ პირად შეტყობინებებში.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com