ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში: პატენტის რეგისტრაცია და უპირატესობები

რა არის პატენტი და როგორ მუშაობს იგი?

პატენტი არის დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაიცემა და ადასტურებს პატენტმფლობელის განსაკუთრებულ, ექსკლუზიურ უფლებას გამოგონებაზე. ეს დოკუმენტი აცნობს, რომ გამომგონებელს ან ბიზნესს ექსკლუზიური უფლება აქვს, გარკვეული დროის განმავლობაში ისარგებლოს თავისი გამოგონებით იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც შეიტანა საპატენტო განაცხადი.

პატენტის უპირატესობები

პატენტის დარეგისტრირებით, გამომგონებელი ან ბიზნესი მოიპოვებს უფლებას აუკრძალოს სხვა პირს მისი პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გამოყენება და გაყიდვა. ასევე, პატენტმფლობელს აქვს უფლება გასცეს ლიცენზია პატენტის გამოყენების შესახებ. მაგალითად, Google-ს საძიებო ალგორითმი დაპატენტებულია და მხოლოდ Google-ს აქვს უფლება გასცეს ლიცენზია ალგორითმის გამოყენებაზე.

საქართველოში პატენტის რეგისტრაციის პროცედურა

როგორ ხდება პატენტის რეგისტრაცია?

საქართველოში პატენტის რეგისტრაცია ხდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში. განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნას მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. აუცილებელია, რომ პატენტის განაცხადი შეიცავდეს:

  • განცხადებას პატენტის მინიჭების თაობაზე;
  • გამოგონების აღწერილობას;
  • გამოგონების ფორმულას;
  • ნახაზებს (თუ საჭიროებს გამოგონების გასაგებად);
  • გამოგონების რეფერატს.

განაცხადი უნდა გაკეთდეს ქართულ ენაზე, ხოლო სხვა დოკუმენტები შესაძლებელია უცხოურ ენაზეც იქნას წარდგენილი პირველ ეტაპზე.

საჭირო ვადები და დამატებითი მოთხოვნები

აღსანიშნავია, რომ უცხოურ ენაზე არსებული სხვა დოკუმენტები განაცხადის წარდგენის დღიდან ორი თვის განმავლობაში უნდა იქნას წარდგენილი  ქართულ ენაზე.

ექსპერტიზის პროცესი

განაცხადის შემოტანიდან, რომ პატენტი დარეგისტრირდეს, აუცილებელია ფორმალური და არსებითი ექსპერტიის გავლა.

ფორმალური ექსპერტიზა არის პროცესი, რომლის დროსაც მოწმდება, სრულყოფილია თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია. მოწმდება, შეიცავს თუ არა ის ყველა საჭირო ელემენტს, მათ შორის აღწერილობას, ფორმულასა და ნახაზებს. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აუწყებს და განუსაზღვრავს კონკრეტულ ვადას განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად. თუ დაწესებულ ვადაში არ გამოსწორდება ხარვეზები, საქმისწარმოება შეწყდება.

არსებითი ექსპერტიზა არის პროცესი, რომლის დროსაც შემოწმდება, შეიძლება თუ არა აღნიშნული გამოგონება დაპატენტდეს. ასევე, ხდება გამოკვლევა,რათა დადგინდეს, არის თუ არა გამოგონება ახალი, გამომგონებლური დონიანი და სამრეწველოდ გამოყენებადი.

პატენტის რეგისტრაციის ვადები

პატენტის რეგისტრაციის პროცესი გრძელდება 18-24 თვემდე. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, პატენტი რეგისტრირდება, ქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში და პატენტმფლობელს გადაეცემა საპატენტო სიგელი.

რატომ უნდა დაარეგისტრიროთ პატენტი?

პატენტის რეგისტრაცია მნიშვნელოვანია, რადგან იგი გარანტირებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და პატენტმფლობელს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას მართოს და განკარგოს მისი გამოგონება. 

რეგისტრაციის გარეშე, ბიზნესი ან გამომგონებელი ვერ შეძლებს სრულად დაიცვას თავისი ინოვაცია, რაც ნიშნავს, რომ კონკურენტებს შესაძლოა ჰქონდეთ უფლება გამოიყენონ თქვენი შექმნილი პროდუქტი ან ტექნოლოგია.

დარეგისტრირეთ თქვენი ინტელექტუალური საკუთრება დღესვე და უზრუნველყეთ თქვენი უფლებების სრულყოფილი დაცვა!

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com