სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია საქპატენტში – სამართლებრივი და პრაქტიკული გზამკვლევი

დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე ყოველდღიურად ჩნდება ახალი ბიზნესები, ბრენდები და სერვისები, შესაბამისად სახელისა და ლოგოს შერჩევა მხოლოდ კრეატიული პროცესი აღარ არის, ეს სამართლებრივი პასუხისმგებლობაცაა. სწორედ აქ იჩენს თავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მნიშვნელობა – პროცესი, რომელიც იცავს ბიზნესს და უზრუნველყოფს მის სამართლებრივ უსაფრთხოებას. 

საქართველოში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი

შეიძლება თუ არა სასაქონლო ნიშნის დაპატენტება?

საქართველოში სასაქონლო ნიშნები ექვემდებარება არა დაპატენტებას, არამედ რეგისტრაციას, რაც ხშირად საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებსაც იწვევს. პატენტი გამოიყენება გამოგონებების, სასარგებლო მოდელებისა და დიზაინის მიმართ, ხოლო სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს ცალკე სამართლებრივ ინსტიტუტს, რომლის მიზანია საქონლისა და მომსახურების იდენტიფიკაცია და განსხვავება.

სასაქონლო ნიშნის სამართლებრივი განმარტება

სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება განასხვაოს მეორე საწარმოს საქონლისგან ან/და მომსახურებისგან. იგი მიეკუთვნება ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი გამოყენება მესამე პირის მიერ დაუშვებელია მფლობელის თანხმობის გარეშე.

 

რა ფორმით შეიძლება არსებობდეს სასაქონლო ნიშანი?

სასაქონლო ნიშანი არ შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვით ან ლოგოთი. პრაქტიკაში და კანონმდებლობის მიხედვით, ის შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, სიტყვიერი ნიშნები ფართოდ გამოიყენება ბრენდების დასახელებებში, მათ შორის ადამიანის სახელისა და გვარის გამოყენებით, როგორიცაა Adidas. ასოებით შედგენილი ნიშნების კლასიკური მაგალითია KFC – სწრაფი კვების ბრენდი, ხოლო ციფრებით გამოხატული ნიშნის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 3M.

სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს ბგერითი – მაგალითად, კონკრეტული მელოდია, რომელიც მომხმარებელს ავტომატურად აკავშირებს ბრენდთან, როგორიცაა Nokia-ს ცნობილი ხმა. ასევე დასაშვებია გამოსახულებითი და კომბინირებული ნიშნები, სამგანზომილებიანი ფიგურები, ჰოლოგრამები, ფერის ნიშნები და მოძრავი ნიშნებიც კი, იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ განმასხვავებელი უნარი.

 

კოლექტიური და სასერტიფიკაციო ნიშნები

გარდა ინდივიდუალური სასაქონლო ნიშნებისა, არსებობს კოლექტიური და სასერტიფიკაციო ნიშნებიც. იგი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც განასხვავებს ასოციაციის წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთნაირიხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით. მაგალითად, „ბაკურიანი“ და“გუდაური”.

სასერტიფიკაციო ნიშანი კი არის სასაქონლო ნიშნის სახე, რომელიც სერტიფიცირებულ საქონელს განასხვავებს არასერტიფიცირებული საქონლისგან საქონლის მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის ან სხვა მახასიათებლის (გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა) მიხედვით.

 

საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი

განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი. ასეთი ნიშანი დაცულია რეგისტრაციის გარეშეც, თუმცა მისი საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება მხოლოდ საქპატენტის სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ. პრაქტიკაში ასეთ ნიშნებად ხშირად მოიაზრება ისეთი ბრენდები, მაგალითად, როგორიცაა „ნატახტარი“ ან „მითანა“.

პოტენციური კონფლიქტური ნიშნების ძიება

განაცხადის წარდგენამდე რეკომენდებულია პოტენციური კონფლიქტური ნიშნების წინასწარი ძიება. საქპატენტის ელექტრონული საძიებო სისტემა იძლევა შესაძლებლობას გადაამოწმოთ, არსებობს თუ არა უკვე რეგისტრირებული ან რეგისტრაციაზე წარდგენილი მსგავსი ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეტაპი სავალდებულო არ არის, პრაქტიკაში იგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვნად ამცირებს რეგისტრაციაზე უარის შესაძლებლობას.

 

სასაქოლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა

რეგისტრაციის პროცესი იწყება საქპატენტში განაცხადის წარდგენით. განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, საქპატენტის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ისე უშუალოდ საქპატენტში.

თუ განაცხადი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი, აუცილებელია მინდობილობის წარდგენა, განცხადების შეტანიდან 15 დღის ვადაში, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული. გათვალისწინებულია აღნიშნული ვადის გახანგრძლივებაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული განაცხადის წარდგენისას განმცხადებელი სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.

რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და თითოეულს თავისი სამართლებრივი დატვირთვა აქვს. პირველ ეტაპზე, საქპატენტი ახორციელებს ფორმალურ ექსპერტიზას. ამ დროს მოწმდება, არის თუ არა განაცხადი სრულად შევსებული და აკმაყოფილებს თუ არა ფორმალურ მოთხოვნებს. თუ დოკუმენტაცია წესრიგშია, პროცესი გადადის შემდეგ ეტაპზე. ფორმალური ექსპერტიზა – ტარდება განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

შემდეგ იწყება არსებითი ექსპერტიზა, იგი ტარდება ფორმალური ექსპერტიზის დასრულებიდან 6 თვის ვადაში. ამ ეტაპზე მოწმდება რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები. სწორედ ამ ეტაპზე ხდება ყველაზე მეტი უარის გაცემა.

შემდეგი ეტაპი არის პირველადი გამოქვეყნება – განაცხადის მასალები ბიულეტენში ქვეყნდება არსობრივი ექსპერტიზის დასრულებიდან 1 თვის ვადაში.

საბოლოოდ, პირველადი გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლის და საფასურის გადახდის შემდეგ, ნიშანი რეგისტრირდება და გაიცემა მოწმობა. 

 

დაჩქარებული პროცედურა და მისი რისკები

განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს დაჩქარებული ექსპერტიზა განაცხადის შეტანისთანავე ან შემდგომ ეტაპზე. დაჩქარებული პროცედურით საქმისწარმოება სრულდება 10 სამუშაო დღეში. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს პროცედურა გარკვეულ სამართლებრივ რისკებს შეიცავს. 

იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ, საქპატენტში შევა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით, იარსებებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უარის თქმის შედარებითი საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს მონაცემებს ოფიციალურ ბიულეტენში.

 

რა დოკუმენტები უნდა ახლდეს განაცხადს?

განაცხადს შესაძლოა დაერთოს დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის:

  • მინდობილობა – თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ;
  • პირველი განაცხადის ასლი – თუ მოითხოვება კონვენციური პრიორიტეტი;
  • ოფიციალური გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა სარეგისტრაციოდ შემოტანილი სიმბოლოთი მონიშნული ექსპონატის გამოფენაზე ჩვენების თარიღის მითითებით – თუ მოითხოვება საგამოფენო პრიორიტეტი;
  • კოლექტიური ნიშნის დებულება – თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე;
  • სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება – თუ განაცხადი შეტანილია სასერტიფიკაციო ნიშანზე.

 

რა არის პრიორიტეტი?

პრიორიტეტი ნიშნავს უპირატესობას სხვა, მოგვიანებით შეტანილ განაცხადებთან შედარებით. იგი შეიძლება იყოს საკონვენციო ან საგამოფენო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო რეგისტრაციის კონტექსტშიც.

 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასაქონლო ნიშანი?

სასაქონლო ნიშანი უნდა იყოს განმასხვავებელუნარიანი. არ არის მიზანშეწონილი აღწერითი ნიშნების გამოყენება, როგორიცაა არ უნდა აღწერდეს საქონელს/მომსახურებას, მაგ: „საუკეთესო პარფიუმერია“, „ხარისხიანი პარფიუმერია“ – პარფიუმერიის პროდუქტზე. ასევე სასაქონლო ნიშანს მომხმარებელი არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში. მაგ. საქართველოში წარმოებულ შოკოლადზე, შვეიცარიის ალპების გამოსახულება შეიძლება შეცდომაში შეყავდეს მომხმარებელს პროდუქტის წარმოშობის შესახებ

აღსანიშნავია ისიც, რომ სასაქონლო ნიშანი არ უნდა შეიცავდეს დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. ასევე დაუშვებელია ნიშნები, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და მორალს.

 

საფასურის გადახდის პრაქტიკული დეტალები

რეგისტრაციის საფასურის გადახდა შეუძლია არა მხოლოდ განმცხადებელს, არამედ მის წარმომადგენელსაც. თუ ინვოისები ცალ-ცალკეა გაცემული, მაგრამ ერთ საქმეს ეხება, შესაძლებელია მათი ერთიანად გადახდაც. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანხის ჩარიცხვისას დანიშნულებაში აუცილებლად იყოს მითითებული საქმის ნომერი – წინააღმდეგ შემთხვევაში, გადახდა შეიძლება ვერ დაუკავშირდეს შესაბამის განაცხადს და აღნიშნული გამოიწვევს პროცესის გაჭიანურებას. 

 

მოქმედების ვადა და მფლობელის უფლებები

სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება 10 წლის ვადით და შესაძლებელია მისი გაგრძელება ყოველი მომდევნო 10 წლით, შეზღუდვის გარეშე. ნიშნის მფლობელს უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს მისი ნიშნის მსგავსი ან იდენტური ნიშნის გამოყენება მსგავსი ან იდენტური საქონლისთვის, ასევე, შეუძლია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გასცეს ლიცენზია.

გასათვალისწინებელია ის, რომ სასაქონო ნიშნებზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო გავრცელება

სასაქონლო ნიშნის დაცვა შესაძლებელია როგორც ცალკეულ ქვეყნებში პირდაპირი განაცხადის გზით, ისე მადრიდის სისტემის მეშვეობით, საქპატენტის საშუალებით. მადრიდის სისტემა მოიცავს 130-ზე მეტ ქვეყანას და წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს საერთაშორისო დაცვებისთვის.

 

რა არის ნიცის კლასიფიკაცია?

ნიცის კლასიფიკაცია წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის სისტემას, რომელიც გამოიყენება სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისას. ამ ეტაპზე არსებობს ნიცის კლასიფიკაციის 12 რედაქცია. განაცხადის შევსების დროს მნიშვნელოვანია, რომ ნიცის კლასიფიკაციაში მივუთითოთ ბოლო რედაქცია.

 

დასკვნა

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არ არის მხოლოდ ფორმალობა, სამართლებრივად ეს უზრუნველყოფს მფლობელისთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭებას, ბაზრის კონკურენტებისგან დაცვას, ბრენდის იდენტიფიკაციის უნიკალურობასა და სანდოობას.

იურიდიული თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ყველა კონფლიქტისა და დავის შემთხვევაში რეგისტრირებული ნიშანი წარმოადგენს პირველ და ძირითად სამართლებრივ მტკიცებულებას. სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ვალდებულებების დარღვევამ შესაძლოა გამოწივიოს მისთვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, რაც ცხადყოფს, რომ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცესი საჭიროებს სამართლებრივი და ფორმალური პროცედურების განუხრელ დაცვას.

სწორი სამართლებრივი საფუძველი არ მხოლოდ იცავს ბიზნესს დღეს, არამედ ქმნის სტაბილურობას და გაფართოების შესაძლებლობებს მომავალში. თუ გსურთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა განხორციელდეს სრული სამართლებრივი დაცვით და შეუფერხებლად, დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებებში.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com